შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონიანი ზიანის მიყენების ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს, ხოლო "რკინიგზის" ყოფილი დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განსაკუთებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს შპს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს "ვაგონმშენებელის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია.
დაკავებულები არიან ასევე "სატვირთო გადაზიდვების" დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები - მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.
სუხიაშვილის ცნობით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას მიმართ, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც შუამდგომლობას პროკურატურა დააყენებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზასა" და "ვაგონმშენებელ კომპანიას" შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა 5 ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა, 39 ათასი დოლარი დააფიქსირა. რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო. ამ ქმედებით, დაკავებულებმა შპს "საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიაყენეს", - აღნიშნა ნათია სუხიაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 7-დან 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინებათ.