"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ძალადობას გმობს, თუმცა მისთვის მიუღებელია იმ ფასეულობების პროპაგანდირება, რომელიც ქვეყნისა და რელიგიისთვის მიუღებელია.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
"მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობას ვგმობ და ნამდვილად ვწუხვარ, რომ დღეს ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. მინდა, ავღნიშნო, რომ მართლაც ძალიან სერიოზულად იმუშავა პოლიციამ, რომ არ დაუშვა კიდევ უფრო მეტი შეტაკება, რასაც შეიძლება, ადამიანის მსხვერპლიც კი მოყოლოდა. ამავე დროს არ შემიძლია, საგანგებოდ არ გავუშვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ის ძალადობაც ის აღშფოთებაც, რომელიც დღეს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან სამართლიანად იყო გამოწვეული, გახლდათ შეგნებულად პროვოცირებული ადამიანთა იმ მცირე ჯგუფის მიერ, რომელიც ისედაც პრობლემებით აღსავსე ქვეყანაში დამატებით პრობლემებს ქმნის. ეს ჯგუფი ცდილობს ქვეყანაში იმის პროპაგანდირება დანერგოს, რაც არამარტო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სარწმუნოებისთვის არის მიუღებელი, არამედ როგორც პატრიარქის მოწოდებაში იყო ნათქვამი, ყველა რელიგიისა და ყველა ნორმალური ქვეყნისთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, ადამიანის პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს რაიმე იმ განსხვავებულობის გამო, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავს უნდა მოგვახვიონ ჩვენთვის უცნობი და მიუღებელი ფასეულობები, თუ ამას საერთოდ ფასეულობა შეიძლება დაერქვას და პროპაგანდირება გააკეთონ იმისი, რაც მიუღებელია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს უსერიოზულესი პრობლემები და ამ პრობლემებში ნამდვილად არ შედის ის, რაზეც მცირერიცხოვანი აქციის წარმომადგენლები ცდილობდნენ ყურადღების გამახვილებას.
"იცხოვრონ თავისთვის როგორც უნდათ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს შვილებს თავი დაანებონ და თავს ნუ ახვევენ იმას, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის განმარტებით, ის სოლიდარულია იმ განცხადების და სულისკვეთებისა, რომელიც მისმა უწმინდესობამ და მისი სახელით საპატრიარქომ გააკეთა.
"ვიდრე მე ვიყავი ხელისუფლებაში, ასეთი აღლუმები არ ტარდებოდა და ნამდვილად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება იყო, ასე რომ კეთილი ინებოს დღევანდელმა ხელისუფლებამაც და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. დავანებოთ თავი იმას, რომ მუდმივად თავი ვაწონოთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანის უფლებას და პირად ცხოვრებას, მაგრამ აღვკვეთოთ ცივილიზებული მეთოდებით ის, რისი პროპაგანდაც ჩვენი ქვეყნისთვის უცხო და მიუღებელია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"დარწმუნებული ვარ, დღეს ამ აქციის უკან დგანან არა უმცირესობების წარმომადგენლები, რომელთაც არასოდეს ჩვენს ქვეყანაში პრობლემები არ შექმნიათ, არამედ ის ადამიანები, ვინც საქართველოში უცხო ფასეულობების დანერგვას ცდილობდნენ. ეს იყო უპირველეს ყოვლისა, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი. ისინი ყოველ წელს, ამ დროს ცდილობდნენ შემოეპარებინათ ჩემთვის ამ აღლუმის ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ ჩემი რეაქცია ყოველთვის იყო კატეგორიულად უარყოფითი. მე ძალიან კარგად მახსოვს ბატონი ბოკერიას სიტყვები: "ქალბატონო ნინო, თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ იმას, რომ საქართველოში გეი აღლუმი ჩატარდება". მე მაშინ ძალიან კატეგორიულად დავაყენე საკითხი და ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემი რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ძალიან ძვირად დაუჯდებოდა მას, თუ გაბედავდა და ასეთი აღლუმის ჩატარების პროვოცირებას მოახდენდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ეს არის პროვოცირებული თემა საქართველოში და ამაზე ხელს მოითბობს "ნაციონალური მოძრაობა", ხელს მოითბობენ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ამ თემასთან დაკავშირებით, ბნელეთის მოციქულებად წარმოადგინონ.