უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს "სამარცხვინოდ" აფასებს, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს კი "სიძულვილით აღსავსე მოძალადეებს" უწოდებს.
როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, ისინი არიან დამნაშავეები, რომლებიც მკაცრად უნდა დაისაჯონ.
"დღეს არის სამარცხვინო და საგანგაშო დღე მთელი საქართველოსთვის, სიძულვილით აღსავსე მოძალადეები სასტიკად არბევდნენ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი მოსაზრების დაფიქსირება სურდათ. ისინი არიან საქართველოს მტრები, დამნაშავეები და ისინი უნდა იქნენ დასჯილი", - განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, მისივე აზრით, სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში არსებული კლიმატის შექმნას ხელი ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო.
"ამ სამარცხვინო მოძალადეების გარდა მთავარი პრობლემაა კლიმატი – ხელისუფლებას თავად მიუძღვის ბრალი ამ კლიმატის შექმნაში, რადგან აქციის ლიდერები გათავისუფლებული არიან როგორც პოლიტპატიმრები და როგორც გმირები. არ მინდა იმის თქმა, რომ ამ ტიპის ჯგუფები მანამდე არ არსებობდა და ეს ახალი ხელისუფლების შექმნილია, მაგრამ ახალი ხელისუფლების რიგებში იყო ხალხი, რომლებიც ამის ექსპლუატაციას ეწეოდა არა მარტო საარჩევნო კამპანიის, არამედ წლების განმავლობაში. ეს იგივე ხალხია, ვინც 8 თებერვლის აქციაზე იყო და ამ ხალხის გმირებად გამოშვება, მათი წახალისება არის ის, რაც ასეთ შედეგს გვაძლევს. არასდროს უნდა მოხდეს გმირებად გამოშვება მათი, ვინც ძალადობს და ვინც ლეგიტიმურად იქნენ დასჯილი ძალადობისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.
გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს მდივანი პოლიციის მუშაობითაც უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ სამართალდამცავ უწყებას მხარეების თანაბარ პირობებში ჩაყენება უნდა მოეხდინა.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაგეგმა პოლიციამ დღევანდელი დღე, ეს კრიტიკა არ ეხება რიგით პოლიციელებს- მათ მართლაც სცადეს, რომ ძალადობა გაეჩერებინათ, მაგრამ დაგეგმვა იყო ძალიან ცუდი. მე, როგორც მინიმუმ, თანაბარ პირობებში ჩავაყენებდი მხარეებს. აშკარაა ის, რომ პოლიციის რაოდენობა უნდა ყოფილიყო მეტი და მხარეების დაშორიშორებაც მომხდარიყო მანამდე, სანამ იქ მოქალაქეები მივიდოდნენ", - აღნიშნა ბოკერიამ და იქვე დასძინა, რომ სამართალდამცველებს აქვთ მისი როგორც მორალური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა ლეგიტიმური მეთოდი გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, ვინც "ეს სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა".