ოპოზიციონერი დეპუტატის გოკა გაბაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფომ ვერ დაიცვა უმცირესობა და ვერ უზრუნველყო აზრის გამოთქმის თავისუფლება.
"არ არსებობს რელიგია და მითუმეტეს, რელიგია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ - ქრისტიანობა, რომელიც ამართლებს ადამიანებისთვის ქვების სროლას. არანაირ სასულიერო პირს არ აქვს მორალური უფლება, მოუწოდოს ადამიანთა ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფს ქვები ესროლოს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტალისტები გამოუშვეს პოლიტპატიმრების სტატუსით, ყველანაირად ახალისებენ მკალავიშვილის მსგავს სუბიექტებს და ეს არის ფასი, რომელსაც ამ შეცდომების გამო საზოგადოება იხდის. დღეს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აზრის გამოთქმის საშუალება, ვერ უზრუნველყო უმცირესობების დაცვა, რაც ძალიან მკაცრ შეფასებას საჭიროებს" , - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, კანონისა და კონსტიტუციის წინაშე ყველა თანაბარია.
ამასთან, გაბაშვილის თანაფრაციელებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვეს საკითხი, რომ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა შეჩერებულიყო და სესიაზე მსჯელობის საგანი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გამხდარიყო.