რუსთაველის გამზირის დატყოვების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გააცნეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პოლიციის თანამშრომლების მიერ აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ.
"სამართალდამცველებმა დღეს დაამტკიცეს, რომ საქართველოს ნამდვილი პოლიცია ჰყავს, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა ჩვენ ვერ დავიშლებით, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ლგბტ-ები და მათი მხარდამჭერები აქ 16:00 საათის შემდეგ მოსვლას და აქციის გამართვას აპირებენ. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გაბედავამ.
აღსანიშნავია, რომ აქციის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურის მანქანები გამოჩნდნენ, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავენებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილის უწყება მოქალაქეებს კანონის შესაბამისად მოქმედებისა და თბილისის ცენტრალური გამზირის დატოვებისკენ მოუწოდებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან სიმშვიდე, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და დატოვონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.