პოლიციამ, სამწუხაროდ, აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა ვერ უზრუნველყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საია-ს მონიტორები აქტიურად აკვირდებოდნენ დღევანდელი აქციის მიმდინარეობას და დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პოლიცია ცალკეულ დარღვევებზე თვალს ხუჭავდა.
"სამწუხაროდ, პოლიციამ ვერ უზრუნველყო აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა. პოლიციას ჰქონდა ამის რესურსი, მაგრამ როგორც ჩანს უსაფთხოების ზომები კარგად არ იყო ორგანიზებული. იმ ადამიანებს რომლებიც აქციის მიმდინარეობას აპროტესტედბდნენ, ჯებირების გარღვევისას ისეთი ძალა არ გამოუყენებიათ, რომ პოლიციას წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ჰქონოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პოლიცია თვალს ხუჭავდა დარღვევებზე, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, უფლებადამცველი ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, შს სამინისტრომ არ გამოიყენა ყველა ღონე, რათა დაცული ყოფილიყო აზრის გამოხატვის თავისუფლება.