26 მაისს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ახალი ფორმა ექნება, სადაც არ იქნება ბარიერი მთავრობასა და ხალხს შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რომელიც 26 მაისის ღონისძიებების კომისიის ხელმძღვანელია.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 26 მაისის ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და ეს მოიცავს 26-ზე მეტ ქალაქს.
კითხვაზე, მიიწვევენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "მთელი საქართველოს მასშტაბით არავინ არავის არსად არ ეპატიჟება".
"ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთად. აღარ არის პრობლემა აქეთ მთავრობა - იქით ხალხი. ყველა ვიქნებით ერთად და ვიზეიმებთ. პრეზიდენტი, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ბუნებრივია, იზეიმებს ჩვენთან ერთად და მგონი მასაც უხარია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, მისი თქმით, სამხედრო კომპონენტიც იგივე იდეოლოგიით იქნება გაერთიანებული, რაც იმას გულისხმობს, რომ სამხედროები ამ დღეს ხალხთან ერთად იქნებიან.