სოციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტების დაფინანსება გაორმაგდა, - ამის შესახებ განათლების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნვეყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ლომინაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტების დასაფინანსებლად აქამდე გამოყოფილი იყო 1 280 000 ლარი, რაც 750 სტუდენტის დაფინანსებას მოიცავდა. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ეს თანხა გაორმაგდა და პროგრამის მონაწილე სტუდენტების დაფინანსება 2 560 000 ლარით განისაზღვრა.
დავით ლომინაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დაახლოებით 1 500-1 600 სტუდენტის დაფინანსებას ეყოფა.
"სოციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან და მოიპოვებენ გრანტს, ჩვენ მათ ამ გრანტს 100%-მდე შევუვსებთ, გრანტის მოუპოვებლობის შემთხვევაში კი სწავლას სრულად დავუფინანსებთ. სოციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ასევე დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახების შვილები, შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირები, სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონებიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - განამარტა დავით ლომინაშვილმა.