საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა პრაქტიკულად, შეაჩერა.
"არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა პრაქტიკულად, შეაჩერა საქართველოს მთავრობამ. რამდენიმე თვეა, მე ამას ვლაპარაკობ და ყოველ ჯერზე იძახიან, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია, ვცრუობ, მაგრამ ფაქტი ფაქტადაა, ყველას შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ. პრაქტიკულად, რკინიგზის მშენებლობა არის შეჩერებული, პრაქტიკულად, ჩვენ ვარ ამოვარდნილი გრაფიკიდან. უჩხიკინებენ უაზროდ ამ რკინიგზის კომპანიას და ცდილობენ იქ ხელების ფათურს, მათ შორის, სრულიად გამოუცნობი სუბიექტები და ამას ეწირება საქართველოს სტრატეგიული ინტერესები. ამას ყველაფერს სხვა ქვეყნის ინტერესების და არც თუ ისე კარგი რაღაცეების სუნი აქვს, ყველაფერ ამ პროცესს, რაც უკავშირდება ამ რკინიგზას. ყველაფერ იმ ფონზე, რაც რუსებმა გააკეთეს, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ აზერბაიჯანთან რკინიგზის მშენებლობა, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს ინტერესებში. საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი წყაროები ენერგეტიკის ტრანსპორტირების და ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთი ამ საერთო ზეწოლის ფონზე. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მარტო აზერბაიჯანზე არ შეიძლება ვიყოთ და ალტერნატივაც გვინდა და ალტერნატა არის რუსული გაზი, რუსული გაზი ღირს 450 დოლარი, აზერბაიჯანის გაზი – 130, 140 დოლარი. აზერბაიჯანმა რომ თქვას - ალტერნატივა გინდათ? მაშინ ჩვენ მოგცემთ 400-ად. ეს არის ამის გაუაზრებელი შედეგი. მე რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი ამას არ იტყვის, რადგან მშვენივრად ესმის თავის სტარტეგიული ინტერესი, მაგრამ არ შეიძლება, ასეთ თემებთან თამაში. რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა, ის არის საქართველოს ტერიტორიის დამპყრობელი. ერთხელ უკვე სცადა ჩვენი მოხრჩობა ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენებით და მუდმივად ცდილობს ამას სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მიმართ. ამიტომ გაკარებაც კი და თუნდაც, იდეის დონეზე განხილვა, რომ რაღაც ნაწილი მაინც ჩანაცვლდეს სხვა გაზით, საქართველოსთვის არის კატასტროფულად საშიში. ამიტომ ამ თემებთან თამაში და ორაზროვნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებში შედის. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, უნდა განვავითაროთ სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. თუ გვინდა ალტერნატივა, უნდა ვიმუშაოთ თურქმენეთთან, ყაზახეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში რუსეთთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.