სხვადასხვა ფართებში უკანონოდ შეჭრილი პირები სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერ მიიღებენ, - აღნიშნული ინიციატივით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიმართა.
მინისტრის ინფორმაციით, გასული წლის 3 ოქტომბრის შემდეგ გაზრდილია სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობის რაოდენობა, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
"ჩვენი ინიციატივა შეეხება იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირება შეეზღუდოთ მათ, თუ უკანონოდ არიან შეჭრილები და ფართის მეპატრონე უარს აცხადებს მათ იქ ყოფნაზე. ასეთ შემთხვევაში, ამ ადამიანებს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ მოხდეს მათი სტატუსის შეფასება და მიიღონ სოციალურად დაუცველის სტატუსი. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს მათი საცხოვრებელი. სხვის ფართში ყოფნის გამო კი ეს ვერ ხერხდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე.
მინისტრთა კაბინეტის დღის წესრიგში 33 საკითხია შესული.