"ევროფესტივალის" ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს და საუკეთისო ათეულში მოხვდნენ. ქართველმა მომღერლებმა მეორე ნახევარფინალურ საღამოზე სიმღერა Waterfall შეასრულეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერმა, ნათია უზნაძემ ქალაქ მალმოადან აცნობა, საკონკურსო სიმღერა Waterfall ქართველი კონკურსანტებისთვის შვედმა კომპოზიტორმა, ტომას ჯეისონმა შექმნა; სცენოგრაფიაზე რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა; სასცენო კოსტიუმები ქართველი კონკურსანტებისთვის დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ შექმნა.
მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.
ესენი არიან: უნგრეთი - "ბეიალექსი", სიმღერით "Kedvesem" (Zoohcker Remix); აზერბაიჯანი - ფერიდ მამადოვი, სიმღერით "Hold Me"; საქართველო - სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall"; რუმინეთი - ცეზარი, სიმღერით "It's My Life"; ნორვეგია - მარგარეტ ბერგერი, სიმღერით "I Feed You My Love"; ისლანდია - ეითორ ინგი, სიმღერით Ég Á Líf"; სომხეთი - დორიანსი, სიმღერით "Lonely Planet"; ფინეთი - კრისტა სიეგფრიდსი, სიმღერით "Marry Me"; მალტა - ჯანლუკა, სიმღერით "Tomorrow"; საბერძნეთი - ჯგუფი Koza Mostra feat და აგათონ იაკოვიდისი, სიმღერით "Alcohol Is Free"
პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები არიან: მოლდოვა - ალიონა მუნი, სიმღერით "O Mie"; ლიტვა - ენდრიუს პოიავისი, სიმღერით "Something"; ირლანდია - რეიენ დოლენი, სიმღერით "Only Love Survives"; ესტონეთი - ბაირგითი, სიმღერით " Et Uus Saaks Alguse"; ბელორუსი - ალიონა ლანსკაია, სიმღერით "Solayoh"; დანია - ემილიე დე ფორესტი, სიმღერით "Only Teardrops"; რუსეთი - დიანა გარიპოვა, სიმღერით "What If"; ბელგია - რობერტო ბელაროსა, სიმღერით "Love Kills"; უკრაინა - ზლატა ოგნევიჩი, სიმღერით "Gravity" და ნიდერლანდები - ანოუკი, სიმღერით "Birds".
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის შვედეთის და "დიდი ხუთეულის" (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები. შვედეთი - რობინ სტიემბერგი, სიმღერით "You"; დიდი ბრიტანეთი - ბონი ტეილერი, სიმღერით "Believe In Me"; გერმანია - კასკადა, სიმღერით "Glorious"; იტალია - მარკო მენგონი, სიმღერით "L'Essenziale"; საფრანგეთი - ამანდა ბოურგეიოუსი, სიმღერით "L'enfer Et Moi" და ესპანეთი - ჯგუფი ESDM, სიმღერით "Contigo Hasta El Final”(With You Until The End).
რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი 18 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2013 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.
"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.