ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან, ქაშვეთის ეკლესიიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სერჟანტი ზვიად დავითაძე - სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეთში და ვლადიმერ შანავა - წალენჯიხაში. მათ მომავალ კვირაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის - სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას პანაშვიდი გუშინ გაიმართა.
პანაშვიდი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ისე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ხელმძღვანელობამ. პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა იმყოფებოიდა.
ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა 13 მაისს განხორციელდა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" მოხდა. ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, იერიში თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა 5-კაციანმა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს, თუმცა მას სამი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულები სამშობლოში გუშინ დილით ჩამოასვენეს.