"გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა. ბიზნესის წართმევის მცდელობაში მას ამჯერად "რუსმეტალის" ხელმძღვანელები ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ "რუსმეტალის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, ზაზა მამულაშვილის განცხადების საფუძველზე (რომელიც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლაშა ნაცვლიშვილის მეგობარია) 23 დეკემბერს კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. აპრილში კომპანიის ფინანსურ დირექტორს, გერონტი ცვარიანსა და ბუღალტერს, თამარ ჯავაშვილს პროკურატურამ 202-ე მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "რუსმეტალში" ლაშა ნაცვლიშვილის აჩრდილი გამოჩნდა" / "ბიზნესის წართმევის მცდელობა თუ პროკურატურის გაშიფრული სქემა".
"ორი დღის წინ კი, პროკურატურის პრესსამსახურის ბრიფინგზე გაცხადდა ახალი ბრალდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძემ ინფორმაციით, გაიხსნა შპს "რუსმეტალის" მიერ საქართველოდან სილიკომანგანუმის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მხოლოდ ერთ ეპიზოდში დადგენილი და დადასტურებულია, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარის გათეთრების ფაქტი. "დასახელებული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალაქ რუსთავის მოქმედი მერის, ლაშა მინდელის ძმა, მინდია მინდელი", - განაცხადეს პროკურატურაში", - აღნიშნავს გამოცემა.
"პროკურატურაში განაცხადეს, რომ საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები, ნამატი უკანონო შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს "რუსმეტალს" უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სესხის სახით მიღებული თანხა. შემდეგ კი, უკანონოდ ფულის წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელები ქმნიდნენ ყალბ დოკუმენტებს სესხის გასტუმრების თაობაზე, რომელთა მიხედვითაც თანხები თითქოსდა კრედიტორს უბრუნდებოდა ნაღდი ფულით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში", - განაგრძობს გამოცემა.
"რუსმეტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია მინდელი პროკურატურის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე სიმართლე ითქვა მხოლოდ ის, რომ ლაშა მინდელი მისი ძმაა. კომპანიის გენერალური დირექტორის, თემურ მიმინოშვილის თქმით, ასევე ტყუილია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში "რუსმეტალი" არ შემოწმებულა. მისი ინფორმაციით, "რუსმეტალი" 2006-07 წლებში საგადასახადოს სამსახურმა შეამოწმა, 2008-09 წლებში კი ფინანსურმა პოლიციამ. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა კომპანიის კამერალური შემოწმება, ვინაიდან "რუსმეტალს" პროდუქტი ექსპორტზე გააქვს და დღგ-ს დაბრუნების საკითხი დგებოდა", - წერს სტატიის ავტორი.
"კომპანიის წარმომადგენლები ასევე განმარტავენ, რომ ზაზა მამულაშვილი, რომლის განცხადების საფუძველზედაც პროკურატურამ საქმე აღძრა, იყო უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელი, რომელიც ყველა ოპერაციაში მონაწილეობდა, ასევე არის კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი. შესაბამისად, თუ რამე ბრალდება არსებობს, პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება. "რუსმეტალის" ხელმძღვანელებს პროკურატურის მიმართ იქეთ აქვთ პრეტენზიები. მათი განცხადებით, ზაზა მამულაშვილს 2011 წელს კომპანიის მიმართ წარმოეშვა ფინანსური ვალდებულებები. კერძოდ, მისი შუამავლობითა და ორგანიზებით პროდუქცია გავიდა უკრაინაში, საიდანაც ფული არ შემოვიდა და იმ მცირე ნაწილზეც, რომელიც პროდუქციის ღირებულებიდან კომპანიამ მიიღო, სამოქალაქო დავა დაიწყო", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"თავის მხრით, ზაზა მამულაშვილი აცხადებს, რომ თუ ადრე "რუსმეტალის" მეწილეებს მინდია მინდელის ძმა ლაშა მინდელი მფარველობდა, ახლა მათ ირაკლი ტრიპოლსკი მფარველობს. მამულაშვილის მტკიცებით, ამასთან დაკავშირებით მას დადასტურებული ინფორმაცია აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ტრიპოლსკი კი კომპანია "რუსმეტალთან" კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ წარმოდგენა არა აქვს, რას საქმიანობს "რუსმეტალი" და ვინ არიან მისი მფლობელები. "აღშფოთებული ვარ ამ სიცრუით. წარმოდგენა არ მაქვს, რა კომპანიაა "რუსმეტალი", არც ზაზა მამულიშვილს ვიცნობ, არც - მინდელებს. არასდროს არანაირი შეხება არ მქონია და არც ვიცი, რას აკეთებენ. არ ვიცი, საიდან გაჟღერდა ჩემი სახელი და ამ საქმეს, ალბათ, ასე არ დავტოვებ. მე ამ ადამიანს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის გამო პასუხს მოვთხოვ. არასდროს, არანაირ ბიზნესთან არანაირი კავშირი არ მქონია", - განაცხადა ირაკლი ტრიპოლსკიმ.