ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოს ლგბტ პირების უფლებების ეფექტური დაცვისა და ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.
"17 მაისის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არა ერთ ქვეყნის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. წინამდებარე მიმართვაში ჩვენ სახელმწიფოს ლგბტ პირების უფლებების ეფექტური დაცვისა და ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოვუწოდებთ. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას ამ დღის მნიშვნელობას, რომელიც მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს. საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ლგბტ პირების უფლებათა დარღვევის ფაქტები ხშირია და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს რეაგირება არ არის სათანადო. საქართველოს კანონმდებლობა ხშირ შემთხვევებში ირიბად დისკრიმინაციულია ლგბტ პირების მიმართ და მათ ართმევს უმნიშვნელოვანესი უფლებებით, მათ შორის, ოჯახური და პირადი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომითი უფლებების სრულყოფილი რეალიზების შესაძლებლობას", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათივე შეფასებით, შექმნილი მოცემულობა ლგბტ პირებს განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფად აქცევს, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას - განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები ლგბტ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობისთვის.
"აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით იდენტობა და სხვა ორგანიზაციები ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებენ. ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აპირებენ მდუმარედ გამოხატონ მათი წინააღმდეგობა დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. აღნიშნული აქციის საპასუხოდ სხვადასხვა ჯგუფებმა ყოფილი პარლამენტის შენობის მახლობლად დაგეგმეს კონტრდემონსტრაციის გამართვა, რომელიც 17 მაისის აქციას ლგბტ თემის პროპაგანდად, უზნეობად განიხილავს და აპროტესებს. კონტრდემონსტრანტების მხრიდან დაანონსებულია მასშტაბური მსვლელობის მოწყობა რუსთაველის გამზირზე. მიუხედაავად იმისა, რომ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორები უთითებენ მათი შეკრების მშვიდობიან ხასიათზე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელშიც კონტრდემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ ლგბტ აქტივისტებს 17 მაისის აქციის ჩატარების შესაძლებლობას. მეტიც, აღნიშნული განცხადებები ხშირად მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველია. 17 მაისს დაგეგმილი კონტრდემონსტრაციის მასშტაბისა და კონტექსტის გათვალისწინებით, საჭიროა პოლიციამ წინასწარ შეიმუშაოს უსაფრთხოების ეფექტური სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა ორივე აქციის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორი აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც მიმართავს და კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს, თავის მხრივ კი განმარტავენ, რომ 17 მაისს დაგეგმილ აქციებს დილიდან დააკვირდებიან.