საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე, კონსტიტუცია კი დაცული იქნება.
როგორც უსუფაშვილმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებებში ჩაეტიოს.
"მე ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად, რომ ქვეყანაში არ უნდა ილახებოდეს ვინმეს უფლებები, ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები ილახება ან საფრთხის ქვეშაა, უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირების თავისუფლება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, როდესაც ზოგადად, უმცირესობის უფლებებზეა საუბარი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს შეთანხმება, უმცირესობას იმიტომ ჰქვია ეს სახელი, რომ უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგვარად აზროვნებს.
"შესაბამისად, უმცირესობა შეიძლება არ იზიარებს მათ მოსაზრებებს, რწმენებს თუ ცხოვრების წესს. ამიტომ ეს საკითხები არ შეიძლება უმრავლესობის შეხედულებების შესაბამისად გადაწყდეს, უმცირესობას ყოველთვის აქვს უფლება იყოს უმცირესობაში. რაც შეეხება კონკრეტულ აქციებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო და ცენტრალური ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება, მიუხედავად მათი შეხედულებებისა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია და შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და კონსტიტუცია დაცული იქნება. აი, კონსტიტუცია, ვის რა უფლებას აძლევს, კეთილი უნდა ვინებოთ და ამ უფლებებში ჩავეტიოთ", - მიაჩნია დავით უსუფაშვილს.
ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვა იგეგმება.