მოქალაქეთა ნაწილი დღეს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩაშლას აპირებს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი გაბედავამ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის მონაწილეებს არ მისცემენ საშუალებას, 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ფლეშმობი და აქცია გამართონ.
"თითქოს 17 მაისს იმართება უფლებადაცვითი აქცია, სინამდვილეში ეს არის პროპაგანდისტული ხასიათის აქცია, მიდის გარყვნილობის პროპაგანდა, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩვენს ზნეობაზე და მიმართულია ჩვენი თვითმყოფადობის განადგურებისაკენ. მე, როგორც ყოფილი პატიმარი და ამ საქმის გამო ერთხელ უკვე დაკავებული, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე არც ციხის მეშინია და არც რეპრესიის, ერთხელ უკვე ამის გამო მოვიხადე სასჯელი და კიდევ შემიძლია ციხეში ჩავჯდე. მე თუ ზნეობა არ მექნება, ასეთი თავისუფლება არ მინდა. 17 მაისს ჩვენ მათ რუსთაველზე არ გავატარებთ, რადგან ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა. მათ უნდათ ფლეშმობის მოწყობა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის "გეიპარადის" მოწყობის მცდელობა", - აცხადებს გიორგი გაბედავა.
მისივე თქმით, არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წევრი, თუმცა, აქციას ამ ორგანიზაციის სახელით არ მართავს და იმედი აქვს, რომ 17 მაისს მის მიერ დაგეგმილ აქციაზე "უამრავი ჯიგარი ქართველი" შეიკრიბება.