უმრავლესობას არ გააჩნია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს გივი თარგამაძე "ნდობის ჯგუფში", - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს უმცირესობის კვოტა, უმცირესობა აყენებს ჩემს კანდიდატურას. რაიმე ხელშესახები არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ვიყო მე ჯგუფის წევრი, უმრავლესობას არ გააჩნია, მით უმეტეს ეს მათი საქმე არაა, რადგან უმცირესობის კვოტაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ საქმე გვაქვს უბრალოდ ახირებასთან. მე რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, საგანელიძეს არ ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ პრემიერ-მინისტრს. არც მე მიყვარს ისინი", _ აღნიშნა გივი თარგამაძემ.
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.