თბილისის მერი გიგი უგულავა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს 10-10 ათასი ლარით დაეხმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მერიის კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა. ქაცარავამ ქაშვეთის ეკლესიაში პატივი მიაგო დაღუპული სამხედროების ხსოვნას და აღნიშნა, რომ მათ თავი გასწირეს მსოფლიოში მშვიდობისთვის.
"უპირველესი ამოცანა ახლა უნდა იყოს მათი ოჯახების დახმარება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმაროთ გმირი სამხედროების ოჯახებს. ამისთვის თბილისის მერმა თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხა და თითოეულ ოჯახს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა", - აღნიშნა ქაცარავამ.
ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის პანაშვიდი მიმდინარეობს.