ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრიკმა და თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჰარტმანმა მიუსამძიმეს. ბრიჯიტ ბრიკმა და პოლკოვნიკმა სამხედროების ხსოვნას პატივი ქაშვეთის ეკლესიაში მიაგეს. როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ამერიკა უთანაგრძნობს დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს და მთელ საქართველოს. "მათ თავი შესწირეს მშვიდობასა და სტაბილურობას ავღანეთში", - აღნიშნა ბრიჯიტ ბრიკმა.
თავდაცვის ატაშეს განცხადებით კი, ამერიკელი სამხედროებისთვის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლა საამაყოა. "ვიზიარებ ქართველი გმირი ჯარისკაცების დაღუპვით გამოწვეულ მწუხარებას და გისამძიმრებთ ამერიკის შეიარაღებული ძალების სახელით", - აღნიშნა პოლკოვნიკმა.
ავღანეთში დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა იმყოფება.