დამსაქმებლები

დამსაქმებლები "შრომის კოდექსში" კიდევ მეტ დათმობას და კომპრომისს ითხოვენ

დამსაქმებლები ვადიანი კონტრაქტების საკითხზე მთავრობისა და პარლამენტისგან კიდევ მეტ დათმობას და კომპრომისს ითხოვენ. 

პარლამენტის მიერ პირველი მომსმენით მიღებულ "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად უვადო კონტრაქტებია განსაზღვრული. კერძოდ, დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული მხოლოდ პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოსაცდელი ვადით აიყვანოს, ამის შემდეგ კი კონტრაქტი უვადოდოდ იდება, თუმცა პროექტში ჩადებულია კონკრეტული მიზეზები, რაც კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ნორმის შემოტანა ბიზნესსექტორმა გააპროტესტა, მთავრობა პარლამენტში შევიდა ინიციატივით, რომ 6-თვიან გამოსაცდელ ვადას 2-წლიანი კონტრაქტი დაემატოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიდოს საქმებულთან ხელშეკრულება უვადოდ.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გაირკვა ბიზნესსექტორს არც ეს შეთავაზება მოსწონს.

"მოგიწოდებთ, საკითხი უფრო სტრატეგიულად განიხილოთ. 30-თვე დიდი შეღავათია და ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ ჩვენ გვაქვს შემოთავაზება: = ვეთანხმებით 6-თვიან გამოსაცდელ ვადას, შემდგომში მოვითხოვთ ერთწლიან კონტრაქტს, ამ ერთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ორწლიან კონტრაქტს და შემდგომში უვადო კონტრაქტს. საერთო ჯამში განსხვავება მხოლოდ ექვსი თვე იქნება. უმუშევრობა იზრდება და ჩვენ გვჭირდება მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი. ჩვენი ეს შეთავაზება უზრუნველყოფს პოზიტიურ ფსიქოლოგიურ მექანიზმს ინვესტორებისათვის, რადგან ისინი არ იგრძნობენ თავს შეზღუდულად ორ წლიან და 6-თვიანი კონტრაქტის ფარგლებში", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ.

დამსაქმებელთა სახელით კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დეპუტატებს მიმართა, რომ ერთწლიანი კონტრატები შენარჩუნდეს, რაც შეიძლება ეტაპობრივად გაგრძელდეს და მისივე აზრით, ამით უვადო გახდეს. ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა სარა ვილიამსონმა კი აღნიშნა, რომ ამჟამად შეთავაზებულ ჩანაწერს ეთანხმებიან, მაგრამ სურთ, კონტრატების შეწყვეტის საფუძველთა ჩამონათვლში "სხვა ობიექტური გარემოებები" დარჩეს.

არც დეპუტატებმა და არც მთავრობამ აღნიშნული მოსაზრებები დღეს არ გაიზიარეს.

"კანონპროექტში ცვლილების შეტანა მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კეთილი ნება იყო. ასეთი მიდგომა ჩვენ არ მოგვიგონია და ასახულია ევროკავშირის დირექტივაში, რომლის მიხედვით, ხელშეკრულბების უნდა იყოს უვადო, ხოლო მაშინ როცა ვადიანია, მისი ხანგრძლივობა და რაოდენობა უნდა იყოს შემოფარგლული. ეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტივაა, საითკენაც ყველანი ვისწრაფით. ორწელიწადნახევრიან ხელშეკრულებაზე ჩვენ კონსულტაციების შედეგად შევჯერდით და რაკი შევჯერდით ასე დარჩება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ბიზნესექტორის წარმომადგენელთა საპასუხოდ.