შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად, საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ოფისში ხანძრის გაჩენის ბრალდებით, ამავე სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ზაალ ფ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ფარულად შევიდა „ინფო 9“-ის ოფისის სააპარატურო ოთახში და შურისძიების მიზნით, ვიდეოკამერების შესანახ ჩანთებს ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ ფარულად დაეუფლა ერთ-ერთ ვიდეოკამერას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ზაალ ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ინფო 9“–ის კუთნილი, მოპარული კამერა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით და 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).