ქართულ საბანკო სისტემაში შესაძლოა სერიოზული სკანდალი აგორდეს: საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა დავითაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ “საქართველოს ბანკმა” სადაზღვევო კომპანია “იმედი ელი” ხელოვნურ გაკოტრებამდე მიიყვანა, თავად „იმედი ელის“ ყოფილი დამფუძნებელი ალექსანდრე ტუღუში ადასტურებს.
კერძოდ, ტუღუშის განცხადებით, „საქართველოს ბანკმა“ „იმედი ელს“ სესხის ხელშეკრულება მიზანმიმართულად და უსაფუძვლოდ იმ დროს შეუწყვიტა, როცა კომპანია ჰოსპიტალურ პროგრამაში იღებდა მონაწილეობას და სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ასრულებდა. სესხის შეჩერების შედეგად კი მისი ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა.
ალექსანდრე ტუღუში ზეწოლაზე საუბრობს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც და აცხადებს, რომ საქმე პრემიერ-მინისტრამდე იყო მისული, და ეს უკანასკნელნი ,,იმედი ელს’’ აიძულებდნენ, კომპანია ღირებულების მეხუთედ ფასად ,,ალდაგისთვის’’ მიეყიდა.
ცნობისთვის: „ალდაგმა“ იმედი ელის 85% 2012 წელს 8 მილიონ ლარად იყიდა და მოგვიანებით დანარჩენი წილიც შეიძინა.
თუკი „საქართველოს ბანკის“ მიერ „იმედი ელის“ ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანის ფაქტი სამართლებრივად დადასტურდა, ლოგიკურად, ეს საბანკო სექტორისადმი საზოგადოების ნაწილში არსებულ უნდობლობას გააძლიერებს, რადგან შექმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ბანკების მიმართ სხვადასხვა ბიზნესის მითვისების სხვა ბრალდებების რეალურია.
მაგრამ მანამდე ყველაზე აქტუალური კითხვაა, ქართულ რეალობაში, შესაძლოა თუ არა აღნიშნულ განცხადებებს სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს და რამდენად დასაშვებია კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება?
როგორც сommersant.ge–ს ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუმარტა, კრედიტის არ-გაცემაზე, სასესხო ხელშეკრულების შეწყვეტასა ან კომპანიის ხელოვნურად გაკონტრებამდე მიყვანაზე სისხლის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ადვოკატის თქმით, ნებისმიერ ბანკს, თუკი ის მოისურვებს, მარტივად შეუძლია მოძებნოს მიზეზი, რის გამოც კომპანიას დაფინანსებას შეუწყვეტს, სახელმწიფო კი ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, რადგან ფული ბანკისაა, ისაა გამცემი და შესაბამისად, შეუძლია ხელშეკრულებაში ისეთი მუხლი ჩადოს, რომ მისი იურისტებს, თუკი „მიზეზზე“ იქნებიან, პირობის დარღვევის ფაქტის მოყვანა არ გაუჭირდებათ.
„თუ ბანკი საბაბს ეძებს, გარწმუნებთ, ხელშეკრულების პირობის დარღვევის ფაქტს ადვილად „აღმოაჩენს“,“ - აცხადებს გიგუაშვილი.
თუმცა, „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ „იმედი ელი“ მოგვიანებით ბანკის შვილობილმა „ალდაგი ბისიაიმ“ შეიძინა, შესაძლოა თუ არა სამართლებრივად იყოს არგუმენტი „იმედი ელის“ ყოფილი მეწილის განცხადების სასარგებლოდ? commersant.ge-ს ამ კითხვაზე ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ ეს მართლაც შესაძლოა იყოს არგუმენტი „იმედი ელისთვის“.
თუმცა, მისი განმარტებით, უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა გააკეთა ბანკმა მიზანმიმართულად, რომ „იმედი ელი“ მის შვილობილ კომპანიას გადასცემოდა, თუ გამოიყენა ბანკმა კრედიტორის უპირატესობა შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ, თუ იყვნენ ბანკში „იმედი ელის“ გაკოტრებით დაინტერესებული პირები და ა.შ.
ამირან გიგუაშვილის თქმით, ყოველივე ამის დასამტკიცებლად „იმედი ელის“ იურისტებმა სასამართლოს უნდა მიმართონ და მყარი არგუმენტები დადონ. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატის განცხადებით, არაა გამორიცხული კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, ასევე არსებობს იურიდიული პირის პასუხისმგებლობა (საქმიანობის შეჩერება), თუმცა ადვოკატის შეფასებით, საბანკო დაწესებულების მიმართ მსგავსი ქმედების გახორციელება სხვა ბანკებისთვის იქნება ცუდი სიგნალი.
„როგორც იურისტი, ცოტა უპერსპექტივოდ ვუყურებ ბანკის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის დაყენების შესაძლებლობას, რადგან როდესაც ბანკი ხელშეკრულებას დებს მსესხებელთან, მასში იდება პირობა, რომელიც ადვილად ანიჭებს ბანკს უფლებას, როცა მოინდომებს, მაშინ შეწყვიტოს ხელშეკრულება. წმინდა ფორმალურ-სამართლებრივი გადასახედიდან „იმედი ელს“ საქმის მოგების მცირე შანსი აქვს,“ - აცხადებს გიგუაშვილი. თუმცა დასძენს, რომ მართალია, კანონში არ არსებობს მუხლი, რომელიც კრედიტის გაუცემლობის ან შეწყვეტისას ბანკის დასჯადობას ითვალისწინებს, მაგრამ არის მომიჯნავე მუხლები როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო კოდექსში და თუკი „იმედი ელის“ იურისტები მყარ არგუმენტებს დადებენ, არაა გამორიცხული გარკვეული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ,,იმედი ელის’’ ყოფილი მეწილის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს. მისი თქმით, იძულების გზით ,,იმედი ელს’’ არასაბაზრო ფასად კომპანია დაათმობინეს, ამ პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ფაქტები იკვეთება, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ან პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
კალანდაძის განცხადებითვე, თუ დაზარალებული მხარე არგუმენტების წარდგენით ჩამოთვლილი სტრუქტურების ბრალეულობას დაადგენს, ,,იმედი ელს’’ აქვს შესაძლებლობა, იძულების გზით დათმობილი ქონება დაიბრუნოს.
сommersant.ge „საქართველოს ბანკს“ დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ცნობილი იყო თუ არა ქვეყნის ლიდერი ბანკისადმი მსხვილი სადაზღვევო კომპანიის პრეტენზიების შესახებ ეროვნული ბანკისთვის და მსგავსი პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, რა რეაგირება უნდა მოახდინოს მარეგულირებელმა? „კომერსანტი“ ამ კითხვაზე პასუხს ეროვნული ბანკისგანაც ელოდება.
ტუღუშის განცხადებებზე კომენტარს არც „ალდაგში“ აკეთებენ.