პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, საკანონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადაო ნორმის შეჩერების შემთხვევაში, საკითხის განხილვის ვადა იყოს არა - ერთი, არამედ 6 თვე.
ასეთია "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიული წინადადება.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, დავის ერთთვიან ვადას ითვალისწინებს, როცა საკონსტიტუციო სასამართლო სადაო მუხლის მოქმედებას აჩერებს. პრეზიდენტი კი თვლის, რომ ეს საფრთხეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას უქმნის და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.
"ერთთვიანი ვადის შემოღება და კანონში იმის ჩაწერა, რომ თუ საკონტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ერთთვიან ვადაში ვერ მიიღებს, ნორმის მოქმედება აღსდგება, წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მხრივ. შეუძლებელია ამ ვადაში მხარეებმა სრულფასოვნად შესძლონ თავიანთი უფლებამოსილებების გახორციელება, პოზიციების მომზადება, ასევე ძნელი და შეუძლებელი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ამოქმედება, როგორიცაა "სასამართლოს მეგობარი". გარდა ამისა, გაურკვეველია, როგორ მოხდება სპეციალისტების, მოწმეების, ექსპერტების სრულად მოწვევა და სასამართლოზე მათი დასკვნებისა და ჩვენენებების წარმოდგენა. საქართველოს კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი და ყველა აქტი მას უნდა შეესაბამებოდეს. კონსტიტუცია კი ადგენს, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლება მოქმედებს, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ ნორმატიული აქტით შეიძლება ადამიანისათვის გამოუსწორებელი შედეგები დადგეს, ასეთი ნორმა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. იმის შემოღება, რომ თუკი დავა მოცემულ ვადაში ვერ გადაწყდება, ნორმის მოქმედება აღსდგება, საფრთხის შემცველი ჩანაწერია. დაუშვებელია, მხარეს, რომელსაც შეიძლება ნორმამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, დავაკისროთ რისკი იმ ქმედებების გამო, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულებაა, ანუ თუკი სახელმწიფოს რომელიმე ორგანო თავის მოვალეობებს ვერ შეასრულებს, არ შეიძლება ამით გამოწვეული შედეგი იმ მხარეს გადავაკისროთ, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს" , - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებისათვის პრეზიდენტის პოზიციებისა და შენიშვნების გაცნობისას.
მისივე თქმით, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ სადაო ნორმის შეჩერების შემთხვევაში, განხილვის ვადა იყო არა ერთი, არამედ ექვსი თვე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლოს ამ ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელება, თუკი მას ასეთი თხოვნით საქმის განმხილველი სასამართლო მიმართავს.
დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა მან ნორმის მოქმედება შეაჩერდა და ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ მესამე პირთა უფლებების დაცვაზე იმსჯელა.
ამ კონტექტში უნდა აღინიშოს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ვადის დაჩქარება და საკანონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო საკანონმდებლო ნორმის შეჩერების რეგლამენტირება "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მოსალოდნელმა პროცესებმა განაპირობა.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდება, სადაც შესაძლებელია, სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გასაჩივრებული კანონის მოქმედება შეაჩეროს.