საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩ ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, "აბრეშუმის გზა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრის თვალსაზრისთაც".
ამის შესახებ დიმიტროვმა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით მიმდინარე კონფერენციაზე - "აზიისა და ევროპის დაკავშირება: რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და აზიაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია აბრეშუმის გზაზე, ვინაიდან ამ გზის მეორე მხარეს არის ევროპა. აბრუშუმის გზას მნიშვნელობა აქვს არა მარტო ეკონომიკური განვითარების, არამედ პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრის მიზნითაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან როგორც რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში, ისე ინდივიდუალურად. მნიშვნელოვანია რომ ინდივიდუალური მიდგომა გლობალურს შეერწყას", - განაცხადა დიმიტროვმა.
მან ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე და ასოცირების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებაზე საქართველოსთან. ასევე ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ხელშეკრულება მოლდოვასთან და სომხეთთან გაფორმდება.
"ღრმა და ყოვლიმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრას. ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ შესაბამის დარგობრივ რეფორმებს, რაც გულისხმობს მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან", - განაცხადა დიმიტროვმა.
გარდა ამისა, მან ტრასეკას განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ვაჭრობასა და ტრანსპორტირებას გააძლიერებს.