საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მოუწოდებს, დაასახელოს ის კომპანიები, ვისაც მესტიის და კოპიტნარის აეროპორტის აშენება სურდათ.
ამის შესახებ კარბელაშვილმა "პირWელს" ფინანსთა მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც ხადური აცხადებს, რომ ახალ მთავრობას არამიზნობრივად არა აეროპორტების მშენებლობა, არამედ ამ პროექტების ბიუჯეტიდან დაფინანსება მიაჩნია და ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლება კერძო სექტორს არ სთავაზობდა თავად აეშენებინათ აეროპორტები.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის დარიგებული ანგარიშის თანახმად, იმ პროექტების რიცხვში, რომლებიც არ იყო მიმართული არც სოციალური პირობების და არც გრძელვადიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მთავრობა მესტიის და კოპიტნარის აეროპორტების მშენებლობასაც ასახელებს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ კერძო სექტორს აეროპორტების მშენებლობის სურვილი არ ჰქონდა და ხადურისგან ითხოვს, დაასახელოს ის კომპანიები, რომლებსაც აეროპორტების მშენებლობაში ინვესტიციების ჩადება სურდათ.
"არ ვიცი, რა უნდა დავარქვა ამ განცხადებებს, რომ თითქოს მესტიის აეროპოტის მშენებლობის სურვილი ჰქონდა კერძო სექტორს და ჩვენ ეს მათ არ შევთავაზეთ; ან ვის უნდა სდომებოდა მესტიის აეროპორტის მშენებლობა, როცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მესტიის აეროპორტი ყოველთვის წამგებიანი იქნება და შესაბამისად, მის აშენებაში ინვესტიციას არავინ არ ჩადებდა; ასევე, მესტიაში რომ თვითმფრინავმა იფრინოს, ძალიან რთულია, რადგან ეკონომიკურად წამგებიანია. ამდენად, აბსურდია, რომ მესტიის აეროპორტის აშენებაში ინვესტიცია ვინმეს ჩაედო და თუ არ იტყუებიან, მანახონ, ნებისმიერი კომპანია, რომელიც ან იტყვის, რომ ჩვენ გვინდოდა აეროპორტის აშენება და არ აგვაშენებინესო ან ვინმე მანახონ, ვინც დღეს საქართველოში თუნდაც მცირე აეროპორტს ააშენებს", - განაცხადა კარბელაშვილმა.
ამასთან, ის ეჭვობს, რომ ახალ ხელისუფლებას მესტიის აეროპორტის დახურვა სურს.
"იქიდან გამომდინარე, რომ მათ მესტიაში ფრენები შეაჩერეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მესტიის აეროპორტის დახურვა სურთ. ესაა კატასტროფა, ესაა ქვეყნის ნგრევა; სვანეთში იყო ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ თვითონ ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით ადგილობრივებს სჭირდებოდათ ფრენები, როცა რაიმე გადაუდებელი სიტუაცია იქმნებოდა; თუ აეროპორტის არსაჭიროებაზეა საუბარი, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ სვანეთში გზებიც ჩვენ დავაგეთ და ესეც არ იყო საჭირო?! ამდენად, ვფიქრობ, მათ სურთ, მესტიის აეროპორტი მთლიანად დახურონ. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ წინა წლის ოქტომბრის შემდეგ მესტიის მიმართულებით ფრენები შეწყდა. იქ მომზადებულია კვალიფიციური კადრები, ახალგაზრდა თაობაა დასაქმებული, დაახლოებით, 50-მდე ადამიანი. ესაა დღეის მდგომარეობით, ყველაზე თანამედროვე აეროპორტი. ასეთი მიდგომა არის ღალატი და მეტი არაფერი. ღალატი ცუდის გაკეთებაა და შენი ქვეყნის ღალატია, როცა მესტიაში გააჩერებ ფრენებს. საუბარი მიდის იმაზე, რომ იქ იფრენს თავდაცვის სამინისტროს მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული სამოქალაქო თვითმფრინავი; ის არის ჩეხური თუ რუსული წარმოების თვითმფრინავი და მას ვინც ააფრენს, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. მე ვიცი, ის სამი თვითმფრინავი სად გდია; ის არის 30 წლის თვითმფრინავი, რომელსაც არვითარი ნორმები, უსაფრთხოების არავითარი ელემენტი არ გააჩნია. ჩვენ თავის დროზე ვიქირავეთ კანადური თვითმფრინავი, რადგან ადამიანების სიცოცხლე არ გაგვირისკავს", - აღნიშნა კარბელაშვილმა.
მისივე მტკიცებით, მესტიაში მნიშვნელოვანი პროექტები გაჩერდა, კერძოდ, წინა წლის დეკემბერში დაგეგმილი იყო 18 მილიონიანი პროექტი სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის, რომელიც დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შეჩერდა.
"7 თვე გავიდა უკვე, თვითონ ვერაფერს აკეთებენ და გაკეთებული პროექტების კრიტიკით და დაწყებულის შეჩერებით არიან დაკავებული", - აღნიშნა კარბელაშვილმა.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამ შემთხვევაზეც აცხადებს, რომ მისი აშენების სურვილი კერძო სექტორიდან არავის გამოუთქვამს.
"ქუთაისის აეროპორტი დაიბობმა 2008 წლის აგვისტოში. რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავდა ქუთაისს, ამიტომაც მიზანმიმართულად ავაშენეთ კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც ევროპაში ყველაზე მაგარია. დღეს კოპიტნარიდან რეისები სრულდება კიევის, დონეცკის, ვარშავის მიმართულებით და ა.შ. ნახეთ, როგორია ბილეთის ფასი და როგორია თავად აეროპორტი. როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როცა აგვისტოს ომის დროს იბომბებოდა ქუთაისის აეროპორტი და ა.შ. ვინ ჩაგვიდებდა აეროპორტის მშენებლობაში მრავალმილიონიან ინვესტიციას?! ამდენად, ახალი ხელისუფლების განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შურის, უტვინოების, დემაგოგიის გამოძახილი. როგორ შეიძლება, ყველაფერი აკრიტიკო, თავად გააკეთონ რამე", - აღნიშნა გიორგი კარბელაშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განმარტავს, რომ მთავრობას არამიზნობრივად არა კოპიტნარის და მესტიის აეროპორტების მშენებლობა, არამედ ამ პროექტებისთვის ფულის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფა მიაჩნია.
ამის შესახებ ხადურმა "პირWელს" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელით 14 მაისი პრეს-კონეფრენციაზე ჟურნალისტებისთვის დარიგებული იმ ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც იმ პროექტების რიცხვში, რომლებიც არ იყო მიმართული არც სოციალური პირობების და არც გრძელვადიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მთავრობა მესტიის და კოპიტნარის აეროპორტების მშენებლობასაც ასახელებს.
მინისტრი ამტკიცებს, რომ "საუბარი იყო იმაზე, რომ არა - აეროპორტების მშენებლობაა არამიზნობრივი, არამედ - მშენებლობებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა".
"ამ პროექტებისთვის ფინანსური რესურსი ბიჯეტიდან დაიხარჯა, თორემ თავისთავად ცხადია, რომ აეროპორტები უნდა აშენდეს მესტიაში, კოპიტნარში და კიდევ სხვაგან, მაგრამ იქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ფული და აშენდა პროექტები, რომელიც ეკონომიკურად წამგებიანი იყო" - განაცხადა ხადურმა.
"პირWელს" კითხვაზე - "რა ქნას სახელწმიფომ, როცა კერძო სექტორი ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე უარს ამბობს" მინისტრი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლებას კერძო სქტორისთვის ასეთი შეთავაზება არ გაუკეთებია.
"კერძო სექტორთან არ იყო შეთავაზება. მე დღესაც მაქვს შემოთავაზება კერძო სექტორისგან საქართველოს სხვა რეგიონებში აეროპორტების მშენებლობაზე" - ამტკიცებს ხადური.
ცნობისთვის, ახალი მთავრობა კოპიტნარის და მესტიის აეროპორტების მშენებლობას არამიზნობრივად მიიჩნევს.
მისივე ინფორმაციით, მესტიის აეროპორტის მშენებლობისთვის რეგიონების ფონდიდან 9.2 მლნ ლარი დაიხარჯა, კოპიტნარის აეროპორტისთვის კი - 53 მლნ ლარი (რეგიონების ფონდი, ეკონომიკის ასიგნებები).