შპს "რუსმეტალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა მამულაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ტრიპოლსკის "რუსმეტალის" მეწილეთა ლობირებაში ადანაშაულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მამულაიშვილმა განუცხადა, თუ ადრე "რუსმეტალის" მეწილეებს მინდია მინდელის ძმა ლაშა მინდელი მფარველობდა, ახლა მათ ირაკლი ტრიპოლსკი მფარველობს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მას დადასტურებული ინფორმაცია აქვს.
ბიზნესმენის თქმით, იგი შპს "რუსმეტალის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა მეწილეებთან მომხდარი უთანხმოების გამო ამჟამად კომპანიის საქმიანობის პროცესში ვეღარ მონაწილეობს.
"დაახლოებით წელიწადნახევრის, ორი წლის წინ გავარკვიე, რომ კომპანიიდან იფლანგებოდა და იკარგებოდა თანხები. ჰქონდათ შექმნილი რაღაც ოფშორული კომპანიების სტრუქტურა, საიდანაც თანხები უპრაგონოდ გაედინებოდა. ასევე აღმოვაჩინე, რომ გაყალბებულ საბუთებს მაჩვენებდნენ და გაყალბებულ ინფორმაციას. ამის შემდეგ დაიწყო უთანხმოება ჩემსა და სხვა აქციონერს - მინდია მინდელს შორის. შევეცადე გავრკვეულიყავი და სამართლებრივი გზით მომეპოვებინა ეს ინფორმაცია, თუმცა, ინფორმაციის მოპოვების ყველანაირი გზა დამიკეტეს. მივმართე რუსთავში სასამართლოს, მაგრამ მინდია მინდელის ძმა, ამჟამად რუსთავის მერი ჩაერთო საქმეში და ვერაფერს მივაღწიე. ვერც კანონიერი გზით და ვერც საუბრით", - აცხადებს ზაზა მამულაიშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგი კვლავ შეეცადა სიმართლისთვის მიეღწია და პროკურატურას მიმართა, თუმცა ამჟამადაც უშედეგოდ.
"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კვლავ გავაგრძელე ბრძოლა სიმართლისთვის, მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ, რადგან აქ ახალი მფარველი ირაკლი ტრიპოლსკი გამოუჩნდათ. ადრე მინდელის ძმის გამო იბლოკებოდა ყველაფერი, ახლა, ამ ხელისუფლებაში კი ირაკლი ტრიპოლსკის გამო იბლოკება. თვითონაც უხსენებიათ და სხვა წყაროებიდანაც ვიცი, რომ ჩართულია ამ საქმეში. გამაოცა დღევანდელმა განცხადებამ, მართლა არ ველოდით. ვცდილობთ დაკარგული თანხები დაბრუნდეს, მაგრამ ტრიპოლსკის გავლენაში ნამდვილად ვერ მოვერევით. ჩვენთვის არაფერი შეიცვალა. ცდილობდნენ ჩემთვის წილი წაერთმიათ და მემუქრებოდნენ, ზეწოლასაც ახდენდნენ. ახლა ხომ არ გგონიათ, რომ პოზიციები შეიცვალა?! ახლაც მემუქრებიან. პროკურატურაში რამდენჯერმე დამიბარეს და ახსნა-განმარტება მივეცი. დოკუმენტურად არის ასახული, რომ კომპანიას აქვს ჩემი ვალი. საერთოდ ეს კომპანია ჩემი ინვესტიციით დაფუძნდა. შეგიძლიათ ნახოთ საბუთებში ჩემი პირველი ჩარიცხვა. გარდა იმ თანხებისა, კომპანიას ჩემი ფული ვასესხე კიდეც. დოკუმენტალურად მაქვს დადასტურებული, მაგრამ პროკურატურამ ვერ დაადგინა, რომ კომპანიას მართლა აქვს ჩემი ვალი. თავად კომპანიის მუშაობაში ჩართვის საშუალებას კი არ მაძლევენ", - აღნიშნავს ბიზნესმენი.
მისი ინფორმაციით, მილიონობით ლარია გამქრალი, ამასთან, თანხა ნაღდი ფულითაც არის გასული და გადარიცხულიც. როგორც მამულაიშვილი ამბობს, თანხის ძალიან დიდ ნაწილს "ნაციონალურ მოძრაობას" უხდიდნენ.
გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მას წილი დღემდე ვერ წაართვეს და ვერ დაათმობინეს, მისი ქონების ნაწილი მისი ნებართვის გარეშე ბანკში მოტყუებით და მაქინაციებით ჩადეს.
პროკურატურის ინფორმაციით კი, გახსნილია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათთან დაკავშირებულ პირთა მიერ ორგანიზებული კორუფციის გამოვლენის მიზნით.
"ამ ღონისძიების ფარგლებში გახსნილია შპს "რუსმეტალის" მიერ საქართველოდან სილიკომანგანუმის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მხოლოდ ერთ ეპიზოდში დადგენილი და დადასტურებულია დაახლოებით ორნახევარი მილიონი ლარის გათეთრების ფაქტი. დასახელებული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალაქ რუსთავის მოქმედი მერის, ლაშა მინდელის ძმა მინდია მინდელი", - განაცხადეს პროკურატურაში.
მათივე ცნობით, საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები, ნამატი უკანონო შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს "რუსმეტალის" უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სესხის სახით მიღებული თანხა.
"შემდგომ ეტაპზე უკანონოდ ფულის წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელები ქმნიდნენ ყალბ დოკუმენტებს სესხის გასტუმრების თაობაზე, რომელთა მიხედვითაც თანხები თითქოსდა კრედიტორს უბრუნდებოდა ნაღდი ფულით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სინამდვილეში აღნიშნული თანხების ნაწილი გამიზნული იყო წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საწარმო რომლის ბრუნვა 200 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ შემოწმებულა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, მითითებული თანამდებობის პირების ვინაობა მოკვლეული იქნება უახლოეს მომავალში ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობებზე პასუხის მიღების შემდეგ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.