პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ჩამორთმევაზე მუშაობის შეწყვეტას მენაშენეთა ასოციაცია მკვეთრად უარყოფითად ხვდება.
შეგახსენებთ: რადიო ,,კომერსანტს’’ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და მენაშენეთა პრობლემების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა თამაზ ავდალიანმა განუცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ჩამორთმევა აღარ იგეგმება, რადგან ბაზარზე ხელოვნური ბარიერების შექმნა პრობლემას ვერ მოაგვარებს და ვითარება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში დამოუკიდებლად გამოსწორდება.
ავდალიანის თქმით, სამუშაო ჯგუფი ამ თვეში ინიციატივებს მოამზადებს, ხოლო ივნისში კომისიის შეთავაზებებს პარლამენტი განიხილავს. მენაშენეთა პრობლემების შემსწავლელი კომისია 15 წევრისგან შედგება და მასში როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად მიიღო, რადგან ინფორმაცია პირველად ესმით. ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ის, რომ ბანკები არაპროფილურ აქტივებს ფლობენ, უკვე ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და გაურკვეველია, ეს საკითხი როგორ უნდა მოგვარდეს.
როსტომაშვილის განცხადებით, სამშენებლო ბიზნესში ხარვეზების აღმოფხვრა პარლამენტისთვის პრიორიტეული საკითხი არ არის. ის დარწმუნებულია, რომ ეს მდგომარეობა ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე საინვესტიციო მიმზიდველობას ზიანს აყენებს.