აგროკრედიტების პროგრამა კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთი მეწარმის მხრიდან ხდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მეურნეობამ, მაგალითად „შქმერი ინვესტმა“ და „მარნეულის სასათბურე მეურნეობამ“ კრედიტების აღების გეგმებზე უარი თქვა. „შქმერი ინვესტის“ მენეჯერმა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ კრედიტის დაბრუნებას მათ სესხის აღებიდან 6 თვეში თხოვდნენ, რაც სასაქონლო მეურნეობისთვის შეუძლებელია. „მარნეულის სასათბურე მეურნეობის“ ხელმძღვანელობა კი აგროკრედიტების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზად კომპანიის გეგმების შეცვლას ასახელებს.
პროგრამის მიმართ ახალ, გაცილებით მკვეთრ პრეტენზიას გამოთქვამს თაფლის მწარმოებელი კომპანია „გურიის თაფლი“ მარკეტინგის დირექტორი ნუგზარ ჩხაიძე.
როგორც commersant. ge–ს ჩხაიძემ განუცხადა, აგროკრედიტის მისაღებად მან არაერთ ბანკს მიმართა, თუმცა ყველა მათგანმა უზრუნველყოფის სახით თბილისის, ბათუმის ან რომელიმე სხვა კურორტის პრესტიჟულ უბანში მდებარე უძრავი ქონება მოითხოვა. ამ პირობის დაკმაყოფილება კი ,,გურიის თაფლმა“ ვერ შეძლო.
„საწარმოც და საცხოვრებელი სახლიც ლანჩხუთში მაქვს, აქ ვაწარმოებ ჩემს ბიზნესს და ბანკების მოთხოვნა, თბილისში ან ბათუმში არსებული ქონება ჩავდო, როგორ უნდა დამეკმაყოფილებინა?“ – აცხადებს ჩხაიძე.
მისივე თქმით, აგროსესხების პროგრამა ზოგიერთი მეწარმისთვის ჯერ მხოლოდ „ზღაპარია“ და ხელისუფლებამ ამ მხრივ რეალური ნაბიჯები ვერ გადადგა, გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმეების დიდი ნაწილი აღნიშნული პროგრამით ვერ სარგებლობს და სავარაუდოდ ამის შესახებ ინფორმაცია არც პრემიერ–მინისტრს აქვს.
ჩხაიძის განცხადებითვე, კომპანია თაფლის რუსულ ბაზარზე გასატანად მზად არის და საამისოდ საჭირო მატერიალურ –ტექნიკური ბაზაც და პარტნიორებიც ჰყავს, თუმცა საბრუნავი თანხების არარსებობის გამო, რომელიც დამატებითი თაფლის შესაძენად სჭირდება, არ გააჩნია. ამის ერთ–ერთ მიზეზად კი სწორედ აგროკრედიტების აღების პირობების სირთულეებს ასახელებს.
მისივე თქმით, ბაშკირეთიდან აზერბაიჯანში 12–14 ვაგონი თაფლი შედის, თუმცა ქართულ თაფლზე აზერბაიჯანში გაცილებით მაღალი მოთხოვნაა და ფინანსების არსებობის შემთხვევაში ია ქართული თაფლიც გავიდოდა.
შეგახსენებთ: რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თაფლი ერთ–ერთი პირველი იქნება, რომელიც შესაძლოა რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს.
რუსულ ბაზარზე გასვლის სურვილი აქვს თაფლის კომპანია ,,ფეფესაც,“ თუმცა როგორც იქ აცხადებენ, ჯერ ორიენტირს ადგილობრივ ბაზარზე აკეთებენ და სამომავლო გეგმები რუსულ ბაზართან მიმართებაში განსაზღვრული არ აქვთ.