ბუტა რობაქიძის საქმეზე მთავარი პროკურატურა სასამართლო პროცესის გადადებას მეხუთედ ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ საქმეში ბრალდებულებმა გურამ დონაძემ, მამუკა გვაზავამ და ირაკლი ფირცხალავამ განუცხადეს.
მათი თქმით, პროკურატურა მიზეზად ასახელებს იმას, რომ დასაკითხი არიან ის პოლიციელები, რომლებიც ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს.
"პროკურატურა მათ არ კითხავს. ხუთიდან არც ერთი პოლიციელი არ დაუკითხავს. მათგან ორი თავისი ნებით მოვიდა დასაკითხად, კერძოდ, ლიპარტელიანი და ლობჟანიძე, თუმცა, ისინი დააპატიმრეს. დღეს დაგვიბარეს ბრალდებულები და ადვოკატები, მათ კიდევ ერთხელ უნდათ გადადება სასამართლოსი. სასამართლო 30 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, შემოგვთავაზეს 30 ივნისამდე გადადება. ბრალი უსაფუძვლოდ არის წაყენებული და გამოძიება ჩიხშია შესული", - აცხადებენ აღნიშნული პირები.
მათივე თქმით, პროკურატურა ასევე მიზეზად ასახელებს იმას, რომ საქმეში "ბარაბნიანი" პისტოლეტი იყო ამოღებული და საჭიროა დადგენა, თუ როგორ მოხვდა ის კერძო პირის ხელში.
როგორც ბრალდებულები აცხადებენ, უკვე არაერთი ექსპერტიზაა ჩატარებული იმ ვიდეოკადრებზე, რომლებიც ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა და ყველა მათგანი, მათ შორის შს სამინისტროს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ კადრები არის უწყვეტი და ავთენტური.
ბრალდებულ გურამ დონაძის თქმით, ისინი ითხოვენ, რომ მალე ჩატარდეს სასამართლო პროცესი. "მოვითხოვთ, მალე გადაეცეს ეს საქმე სასამართლოს, რათა დადგინდეს, რეალურად ვართ თუ არა უდანაშაულოები", - აღნიშნა დონაძემ.