საპარლამენტო ოპოზიცია სესიაზე კითხვებს ისე სვამს, რომ მას მოპასუხე არ ჰყავს. ოპოზიციის შეკითხვები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონთან დაკავშირებულ "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარწ ეკა ბესელიასკენ არის მიმართული.
ბესელია, როგორც ცვლილებების პროექტზე თანამომხსენებელი, სიტყვით გამოვიდა, აღნიშნა, რომ პროექტს კომიტეტი მხარს უჭერს, თუმცა, შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და გამოსვლის დასრულების შემდეგ ტრიბუნა დატოვა.
"მქონდა შესაძლებლობა, თქვენს კითხვებზე პასუხი გამეცა. მე ჩემი მოსაზრება გაგიზიარეთ, წინმსწრებად გეტყვით, რომ დღეს თქვენ კითხვებს არ ვუპასუხებ. ამ თემაზე ყველა არგუმენტი გამოთქმულია და მართლა ერთსა და იმავეს განმეორება სულ სხვა რამეს ემსგავსება. იქიდან გამომდინარე, რომ აშკარად ჩანს, კითხვების დასმა და პროცედურული ომი ემსახურება არა ამ საკითხზე არსებით დავას და კონკრეტულ, კონცეპტუალურ საკითხებზე მსჯლეობას, არამედ დროის გაყვანას. მე პირდაპირ გეუბნებით: დასვით კითხვები, მაგრამ ამის გამო მე ამ კითხვებს პასუხს არ გავცემ. პატივს ვცემ კოლეგებს, რეგლამენტს, მაგრამ მაშინ, როცა კითხვები კითხვებისთვის ისმება, მე ამ კითხვებზე პასუხს არ გავცემ", - მიმართა ბესელიამ ოპოზიციას და ტრიბუნა დატოვა.
უმცირესობის თითქმის ყველა წარმომადგენელმა ბესელიას მისამართით კითხვები მაინც დასვა.