საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის ინიციატივაზე, 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ, განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. "ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს დაახლოებით ორი საათის წინ დაუკავშირდა, რომელმაც საკითხის გასარკვევად დრო ითხოვა, თუმცა, ახლა სატელეფონო ზარს აღარ პასუხობს.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით და მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდეს. ამასთან, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავღანეთში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების – უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ცხედრებს სამშობლოში 16 მაისს გადმოასვენებენ.
ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის მოგერიებისას დაიღუპნენ კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.