საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოქვეყნდა, რომელიც 14 მაისით თარიღდება. "გათავისუფლდეს გელა ხვედელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95–ე მუხლის საფუძველზე", - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე პატიმრობიდან უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება. საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ამასთან, როგორც ხვედელიძის ადვოკატმა კახა სოფრომაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, გელა ხვედელიძე დღემდე შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე რჩებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი გელა ხვედელიძე 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილ მოადგილედ მოიხსენია.
შს მინისტრის მოადგილე ბრალდებულია ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.