არანაირი სურვილი არ მექნება მიხეილ სააკაშვილთან ერთად რომელიმე ვიზიტში მივიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ მისი გაძლება ძალიან რთული იქნება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიიღეს ინფორმაცია, თუ რა თანხები იხარჯება "პრეზიდენტის ე.წ. საქმიან ვიზიტებში", რომელიც დაკავშირებულია რესტორნებთან, დასვენებასთან, მასაჟებთან, ტანის კორექციასთან და პლასტიკურ ოპერაციებთან.
,"ამის მერე დაისვა კითხვა, თუ დადის ეს ადამიანი, გვითხრას სად მიდის. ვისთან ერთად დადის გასაგებია, რაღაც ერთი და იგივე ჯგუფია ჩამოყალიბებული. პრეზიდენტის ასეთ ვიზიტებს მხოლოდ ის შედეგი მოაქვს, რომ ხდება დღევანდელი ხელისუფლების, უმრავლესობის ლანძღვა-გინება. სააკაშვილი, როგორც ჩანს გრძნობს, რომ ცოტა ხანში მას ამოეწურება ის ვადა, რომ საკუთარი თვითმფრინავით, რომელშიც უზარმაზარი თანხაა გადაყრილი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აღარ ექნება საშუალება ასე თავის ჭკუაზე იხტუნაოს წინ და უკან და ახლა მაქსიმალურად ცდილობს გამოყენებას",-განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, მას არანაირი სურვილი არ აქვს, პრეზიდენტს მსგავს ვიზიტებში გაჰყვეს. "იმიტომ, რომ მისი გაძლება ძალიან რთული იქნება არათუ რამდენიმე დღის, არამედ რამდენიმე საათის განმავლობაში. რომ ვხედავდე რამე სასიკეთოს აკეთებს ქვეყნისათვის, ყველაფერს ავიტანდი, მაგრამ საკუნტრუშოდ და ველოსიპედით კისრის მოსატეხად ნამდვილად არ მემეტება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი",-დასძინა საგანელიძემ.