პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის და საგარეო ვიზიტების შესახებ საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტისთვის ამ ინფორმაციის წარმოდგენას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან ანდრო ბარნოვისგან მოითხოვენ.
როგორც ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მიზანს ემსახურება სააკაშვილის საზღვარგარეთული ვიზიტები, რა სარგებელი მოაქვს ამ ვიზიტებს სახელმწიფოსთვის, რა ფორმატით დგება ვიზიტები, ვინ იღებს ვიზიტებში მონაწილეობას და ვისი ფული იხარჯება.
"მოწვეულ იქნას საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ბატონმა პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებს მოახსენოს, რა საგარეო მიზნებს ემსახურება მისი ეს ვიზიტები. მისი კოლეგები, თანაპარტიელები სვამენ საკითხს, რომ საქართველოს საგარეო კურსი ექვემდებარება გადახედვას, ამიტომაც მას აქვს ვალდებულება თანამდებობრივი, რომ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ მხარს უჭერს თავის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს მისი თანამდებობრივი მოვალეობაა, ამიტომაც მოვუწოდებ პრეზიდენტს, ჩაატაროს უშიშროების საბჭოს სხდომა, მისცეს ეს ინფორმაცია, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საგარეო ინტერესები და პრეზიდენტის მიმართება თითოეულ ამ საკითხზე. პრეზიდენტის პოზიცია, რომ ის არ იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას, მიანიშნებს მის უპასუხისმგებლობასა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების უარყოფაზე. ამიტომაც გამოვდივართ მოთხოვნით და ვთხოვთ ბატონ ანდრო ბარნოვს, წარმოადგინოს ინფორმაცია, ხოლო პრეზიდენტს – მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.