ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ფილოსოფია ადამიანების დასჯას, განადგურებას ითვალისწინებს".
ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს I მოსმენით განიხილავენ.
"არავის არასდროს არ უთქვამს, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ნათქვამი არის ის, რომ, რომ არა უმძიმესი შეცდომები, დანაშაულთან მიახლოებული შეცდომები, ომი არ მოხდებოდა. ჩვენ გვქონდა შანსი, მოკავშირე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, არამარტო თავიდან აგვეცილებინა ეს უბედურება, არამედ, წავსულიყავით წინ და დღეს ვყოფილიყავით ჩართულები კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესში. ამის შანსი ნამდვილად არსებობდა და ელემენტარულად, თავს უფლებას არ ვაძლევ, პასუხი გავცე დამამცირებელ, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურ ეპითეტებს, ვინაიდან ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენი ახლგაზრდები არიან დაღუპულები და ამ თემით სპეკულირება უზნეობაა. რაც შეეხება კანონპროექტს არსებული სახით, ის აწესებდა გარკვეულ რეჟიმს, რომლის მსხვერპლნი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები გახდნენ. ბევრჯერ ახსენეს, რომ რა მოხდა, თუ ორი სომეხი სტუდენტი და ერთი ბრაზილიელი... ჯერ ეს ერთი, მოხდა, თუნდაც ერთი ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ აქ საუბარია ბევრ ადამიანზე, რომელთაც ცხოვრება დაენგრათ, ვინაიდან სისხლის სამართლის დამნაშავეები გახდნენ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად დასაშვებია, რომ ეს გადაცდომა უნებურად ჩაიდინეს. საერთოდ, ’’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკა, ფილოსოფია ითვალისწინებს ადამიანების დასჯას, განადგურებას. სიცოცხლე იქნება, ცხოვრების მომავალი თუ მისი ოჯახის მდგომარეობა - არაფერს არ ნიშნავს, მთავარია მათი პოლიტიკური პროპაგანდის შეფუთვა მოახდინონ. აბსოლუტურად არ მქონდა ეს განცხადება არცერთ ფორმულირებაში წინასწარ, მაგრამ საქმიანი ლაპარაკი შეუძლებელია ამ თემაზე. კოჰაბიტაცია, როგორც მინიმუმი, ამ თემაზე ნამდვილად ვერ მოხდება", - განაცხადა ვოლსკიმ.