შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის ადვოკატის კაბერ სოფრომაძის განცხადებით, "ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ ხვედელიძემ საქმეში არსებული მტკიცებულებები გაანადგუროს".
ამის შესახებ სოფრომაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვედელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გამართული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პრაქტიკიდან და დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა, რადგან ნაკლებად მძიმე დანაშაულია ჩადენილი. ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ ხვედელიძემ მტკიცებულებები გაანადგუროს, რადგან მას მათზე ხელი არ მიუწვდება. რაც შეეხება თანამდებობაზე დარჩენის საკითხს, ამას საგამოძიებო ორგანოები იხილავენ და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვედელიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს თანხის გადახდამდე ხვედელიძე ე.წ. მოდულის შენობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.