მე მხოლოდ მივესალმები, თუკი პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე კომენტირებისას განუცხადა, რომელზეც პრეზიდენტს ხელმოწერის ვადა დღეს ეწურება.
წულუკიანის განცხადებით, ამგვარი პოზიციის მიზეზი ის არის, რომ "პროცესის გაჭიანურება და მეტი დრო მოსამართლეების სასარგებლოდ იმუშავებს".
"მე ერთხელ პრეზიდენტს საჯაროდ მოვუწონე, რომ ამ კანონს ვეტო დაადო, რადგან რაც უნდა მისთვის უსიამოვნო და გასაოცარი იყოს, მოსამართლეებს ამით მიეცათ თვითორგანიზებისთვის მეტი დრო. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თუ კიდევ უფრო დიდი დრო მიეცემათ მოსამართლეებს, მე პირიქით ამას მივესალმები, რადგან დამატებითი დრო მოსამართლეების სასარგებლოდ მუშაობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
აღნიშნულ კონტექსტში, წულუკიანი პრეზიდენტს "აფრთხილებს", რომ კანონზე ხელმოწერაზე უარის თქმით და მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებით "კიდევ უფრო გაერთიანებულ და ძლიერ მოსამართლეებს მიიღებს კონფერენციაზე". "ამიტომ მან უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, "დღეს, თუ ხვალ აღნიშნული კანონი ძალაში მაინც შევა და მოსამართლეთა კონფერენცია იქნება გარდაუვალი".
"დღეს პრეზიდენტი ამ კანონს ხელს მოაწერს თუ არა, გაასაჩივრებს თუ არა, რეალობა არის ერთი - სასამართლო რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი დღეს თუ ხვალ შევა ძალაში და მოსამართლეთა კონფერენცია იქნება გარდაუვალი", - აღნიშნა წულუკიანმა.