როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ისტორიას ჩაბარდება, გაიხსნება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზაქარეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრის ერთადერთი თემა იყო ურთიერთობები კონფლიქტურ ზონებთან. კერძოდ, თუ როგორ უნდა დალაგდეს ურთიერთობები აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან, რა პრობლემები შეიძლება იყოს.
"მათ აინტერესებდათ ჩვენი ხედვები. იყო საუბარი სამომავლო გეგმებზე. ჩემი მხრიდან დაფიქსირებული იყო, რომ არსებობს ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიც არის უმცირესობა პარლამენტში და, საერთოდ სააკაშვილი როგორც პრეზიდენტი, რომელიც ხელს გვიშლის ყველანაირად და მათ შორის დღემდე არ მოუწერია ხელი სამინისტროსთვის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აშკარად ხელს გვიშლის, ფორმალური კონტაქტები გვქონდეს კონფლიქტურ რეგიონებთან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტი, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წევრები ხელს უშლიან, რათა მისი უწყების ინიციატივები დროულად იქნეს რეალიზებული.
ზაქარეიშვილმა ამ კონტექსტში მოიყვანა ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის განხილვაც დღეს პარლამენტში იმართება.
"ამ ფონზე სამომავლო გეგმები იყო, რომ როგორც კი ჩაბარდება ისტორიას სააკაშვილი და ოქტომბერში ყველაფერი დასრულდება, ახალი პრეზიდენტი გახდება მთავრობის მოკავშირე და არა მოწინააღმდეგე და მტერი, რა თქმა უნდა აშკარად გაგვეხსნება ახალი პერსპექტივები დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენისთვის, როგორც აფხაზურ, ასევე ოსურ მხარესთან", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.