საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მას აინტერესებს ვინ არის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის , სერგეი ლავროვის "შეკვეთის შემსრულებელი".
ამ შეკითხვით გოგორიშვილმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, ქეთევან ციხელაშვილს მიმართა.
"თქვენ ახსენეთ, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიდის ჩვენი ქვეყანა და თქვენ თვითონაც გაგეღიმათ ამაზე. იქნებ გვითხრათ რომელიმე ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც განსახვავებული რეჟიმი აქვს საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე. ამ კანონპროექტის ავტორი არის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ეს კოლექტიური ორგანოა. იქნება კონკრეტულად სახელი და გვარი მითხრათ იმ ადამიანის, ვისი ინიციატივაც იყო, პირველად ვისგან წამოვიდა ეს. მე მინდა ვიცოდე იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინ არის თქვენ სამინისტროში ლავროვის შეკვეთის შემსრულებელი", - მიმართა გოგორიშვილმა ციხელაშვილს.