ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არა - ბოროტების სამყოფელი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმენდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
სამების ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურღია დასრულდა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ეს დღესასწაული განსხავვებულია, ამ დღეს უფალმა თავისი მოციქულები შეკრიბა და აზიარა, გატეხა პური და თქვა, რომ ეს არის ხორცი მისი და ასევე თქვა "სვით ამისგან, ეს არის სისხლი ჩემი".
პატრიარქის თქმით, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ ასეთი უდიდესი საიდუმლოს შესრულების მიუხედავად იუდას გულში შევიდა ეშმაკი, უფლის მტერი და გამცემი გახდა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ როდესაც მოციქულებს მიეცათ ძალა დავრდომილთა განკურნებისა და სხვა სასწაულების მოხდენის, ისეთივე ძალა ჰქონდა იუდასაც მინიჭებული. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არ უნდა გახდეს ბოროტების სამყოფელი.
მან ასევე გაიხსენა 1957 წელი, როდესაც სიონში დიაკვნად აკურთხეს. მაშინ იგი სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. გაიხსენა, პატრიარქმა მელქისედეკ მესამემ როგორ დაბანა მოძღვრებს ფეხი და აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის დაუვიწყარია. უწმინდესის თქმით, მადლითა და უფლის წყალობით იმდენად იყო აღვსილი, რომ ტაძრიდან წასვლა აღარ უნდოდა, ყველანი წავიდნენ ტაძრიდან, უწმინდესი კი განაგრძობდა ლოცვებს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ წმინდა ნინოს ჯვრის კანდელიდან მის თავსაბურავს ზეთი მთლიანად გადმოეღვარა.
"ეს იყო ნიშანი, რომ სულიწმინდა უხვად გადმოვიდა ჩემსა და საქართველოზე", – განაცხადა პატრიარქმა და უფალს შესთხოვა მოგვცეს ჩვენ თავმდაბლობა, რადგან უფალი თავმდაბალთ აღამაღლებს, ხოლო ამპარტავთ - შემუსრავს.
სამებაში ასევე შესრულდა ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც, უწმინდესმა 12 მღვდელსახურს ფეხი დაბანა. დღესვე სამების ტაძარში 19.00 საათზე უფლის ვნების 12 სახარების კითხვა დაიწყება.