მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ის მინისტრი დავით კირვალიძე, რომლის მიმართაც პრემიერს კითხვები ჰქონდა

მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ის მინისტრი დავით კირვალიძე, რომლის მიმართაც პრემიერს კითხვები ჰქონდა

მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, დავით კირვალიძე იყო თუ არა ის მინისტრი, რომლის მიმართაც პრემიერ-მინისტრს კითხვები ჰქონდა. 

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, დავით კირვალიძე არის უაღრესად წესიერი და პატიოსანი ადამიანი.

"იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პიროვნება და დიდი იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინსიტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, დავით კირვალიძეს სამართლებრივად თანამდებობა არ დაუტოვებია და მან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და კარგია, რომ მან ევროპული ნაბიჯი გადადგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან გამჭვირვალედ ვმუშაობთ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
დავით კირვალიძის წესიერებასა და ვაჟკაცობაში ეჭვი არ ეპარება თავდაცვის მინისტრსაც.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება დავით კირვალიძის ვაჟკაცურ ბუნებაზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ გამოძიების შედეგად ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომელიც დღეს კირვალიძესთან შესახვედრად სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც იმყოფებოდა.