თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–3 განყოფილების თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, თსუ–ს სტუდენტი ლევან ღ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–2 კორპუსში თანაკურსელი, 1990 წელს დაბადებული გვანცა ა. მე–3 სართულის შიდა კიბის მოაჯირიდან ძალის გამოყენებით გადააგდო, რის შედეგადაც გოგონა მძიმედ დაშავდა. დაშავებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გვანცა ა–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა.
დაცვის თანამშრომლებმა ინციდენტში ეჭვმიტანილი პირი შემთხვევის ადგილზე შეაჩერეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ლევან ღ. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით, რაც 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).