"დღევანდელი ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთავრობაში სერიოზული კორუფციაა"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "დღევანდელი ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთავრობაში სერიოზული კორუფციაა".

ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს თვით დღევანდელი ხელისუფლებაც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთავრობაში სერიოზული კორუფციაა. ალბათ, ყველამ იცოდა და მთავრობაც იძულებული გახდა, რომ გარკვეული ზომები მიეღო სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ის ვაუჩერები თუ ბარათები, რომლებიც ქართველ გლეხებს დაურიგდათ, მათი განაღდება 30%-იანი ე.წ. "დისკაუნტით" ხდება. უფრო მეტიც, ნივთები და მასალები, რომლის შეძენასაც გლეხები სპეციალიზებულ მაღაზიებში ახდენენ, იქ მათი ფასი 20-30%-ით მაღალია, ვიდრე სხვა მაღაზიებში. ეს ნიშნავს, რომ 260 მილიონიანი პროექტიდან ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჯიბეში ჩაიდეს. მინდა, გითხრათ, რომ მსგავსი ტენდენციებია სხვა პროექტებშიც, მაგალითად, გორში, როდესაც სტიქიით დაზარალებული სახურავების გადახურვაზე არის 10%-იანი - ბატონი ბიძინასთვის გასაგებ ტერმინს ვიხმარ - ე.წ. "ვაზვრატების" საკითხი. იგივე ეხება დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემას. იქ არის დეკლარირებული კორუფცია. მინდა, დღევანდელ ხელისუფლებას ვუთხრა, რომ არ დაუშვას საქართველოში კორუფციის შემუბრუნება. ქვეყანის შევარდანაძის ეპოქაში დაბრუნება, სადაც ის იყო ჩამორჩენილი, არ იყო პენსიები და ხელფასები, არ კეთდებოდა არაფერი და ამის მთავარი მიზეზი ქვეყანაში გამეფებული კორუფცია იყო", - განაცხადა მერაბიშვილმა.