"სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ერთადერთი უწყება, სადაც მოძრაობა შეინიშნებოდა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ერთადერთი უწყება, სადაც მოძრაობა შეინიშნებოდა.

ამის შესახებ ბობოხიძემ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ერთადერთი უწყება, სადაც სწორად კეთდებოდა თუ არა რაღაც მოძრაობა მაინც იყო, განსხვავებით სხვა სამინისტროებისგან. ბოდიშს მოვიხდი სხვა მინისტრებისგან, მაგრამ ქვეყანაში არის სრული სტაგნაცია. ძალიან ცუდია, თუ ივანიშვილის მთავრობაში, სადაც მოძრაობა შეიმჩნევა, ამას კორუფციაც მოჰყვება. პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით არ ვისაუბრებ წინასწარ და დაველოდები გამოძიებას, ამის შემდეგ გავაკეთებ დასკვნას. რაც შეეხება იმას, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგა, ეს პოზიცია სწორად მიმაჩნია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პრემიერი რაღაც ეჭვებზე საუბრობდა და როგორც ჩანს, ეს ეჭვები მიმართული იყო სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ", - განაცხადა ბობოხიძემ.