რამაზ საყვარელიძე:     შესაძლოა, ცვლილება ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ

რამაზ საყვარელიძე: შესაძლოა, ცვლილება ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ

რომ არ ყოფილიყო დანაშაული, არამგონია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა დღეს ვაკანტური ყოფილიყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, იმ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რომელიც დღეს საქართველოშია, მთავრობისთვის მინისტრების ცვლა მომგებიანი არ არის.

"შესაძლებელია, რომ ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ ცვლილება, მაგრამ ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მე ვფიქრობ რომ, რომ არ ყოფილიყო დანაშაული, არც ეს თანამდებობა აღმოჩნდებოდა დღეს ვაკანტური. სანამ ისეთი გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირებაა, რომელსაც დღეს ვაკვირდებით, მინისტრების ცვლა მომგებიანი არ არის. ამიტომ, თუ დანაშაული არ გვექნება, მეეჭვება, რომ "ქართული ოცნება" ადვილად წავიდეს მინისტრების ცვლილებებზე", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, კირვალიძის მხრიდან კარგი ნაბიჯია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვება.

"კარგი ნაბიჯია კირვალიძის მხრიდან თანამდებობის დატოვება იმ მხრივ, რომ ქართულ სინამდვილეში, ალბათ, დამკვიდრდება ანალოგიურ სიტუაციაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტი. ამ მხრივ, კირვალიძის საქციელი მისასალმებელია. ჩვენ შეიძლება ითქვას მონატრებული ვართ, რომ პოლიტიკურმა ფიგურამ იგრძნოს პასუხისმგებლობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულ გავლენას მოახდენს სხვა პიროვნებებზეც", - აღნიშნა საყვარელიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში განცხადება გააკეთა. დავით კირვალიძემ კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებაც და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით დააკავეს.