პარტია "საქართველოს გზის" აქტივისტები თაბუკაშვილის ქუჩაზე, "იმელის" ყოფილი შენობის უკან 35-სართულიანი შუშის ფასადიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ.
"საქართველოს გზის" აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციაზე თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებიც მივიდნენ, რომლებიც 35-სართულიანი შენობის აშენების წინააღმდეგი არიან.
როგორც ისინი აცხადებენ, საძირკვლის ამოღების დროს მუშაობს მძიმე ტექნიკა, სახლი ირყევა და შესაძლებელია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლებს პრობლემები შეექმნათ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, "საქართველოს გზის" წარმომადგენელმა მამუკა ბალიაშვილმა განაცხადა, "იმელის" შენობის უკან, ახალი შენობის აშენების ნებართვა 2012 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მერიამ გასცა. მათივე თქმით, მშენებლობას არაბი ინვესტორი აბდულა იბნ ალ ნათანიანი აწარმოებს.
საპროტესტო აქციაზე თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გიგა ბათიაშვილიც მივიდა. მისი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ "იმელის" შენობის უკან 13-სართულიანი სახლის დემონტაჟი მოხდა, თუმცა თბილისის მერიის ნებართვით იმავე ადგილზე 35-სართულიანი შენობა უნდა აშენდეს.
გიგა ბათიაშვილი თბილისის მერიის მიმართ კითხვას სვამს - თუკი 13-სართულიანი შენობის არსებობა მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა, რატომ გახდა შესაძლებელი 35-სართულიანი შენობის აგება.
გიგა ბათიაშვილს არქიტექტორებისგან ინფორმაცია არ აქვს, რამდენად საჭიროა მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული შენობა და რამდენად მოუხდება ის თბილისის იერსახეს.