აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბოსტონის ტერაქტის გამოძიებაში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ Foreign Policy იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ რუსეთის ფედერაციას ანტიტერორისტულ სფეროში, მათ შორის ბოსტონის აფეთქების გამოძიებაში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"პრეზიდენტმა პუტინმა რუსი ხალხის სახელით მწუხარება გამოთქვა ბოსტონის ტრაგედიის გამო, რისთვისაც პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა მას ისევე, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის. ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, მომავალშიც გააგრძელონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესმდივანმა კეიტლინ ჰაიდენმა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის დახმარება გაუწია რუსეთმა აშშ-ის.