საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დემოგრაფმა გიორგი მელაძემ განუცხადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, მშობელთა ერთობლივი განცხადებებით, ანუ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების წილი 30%-ია.
მისივე თქმით, ეს მონაცემი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია, თუმცა 2006 წელს უფრო მაღალი იყო.
"გასული საუკუნის 90-იან წლებში დემოგრაფებმა შენიშნეს ერთი ფენომენი, რომელიც ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რაოდენობის ზრდას შეეხებოდა. ანალოგიური ადრეც დაფიქსირებულა, თუმცა 90-იანი წლების შუა პერიოდში დიდ მასშტაბებს მიაღწია. მაგალითად, 1989 წელს მთელს დაბადებული ბაშვების კატეგორიაში რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებულთა რაოდენობა თუ იყო 18%, 2006 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 54%-ს მიაღწია. საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის თითქმის პირველ ადგილზე იყო. შემდეგ წლებში ცოტათი დაიკლო და ეს მაჩვენებელი შემცირდა. ამდენად, დღეს ევროპის ქვეყნების სამეულში ამ მხრივ აღარ შევდივართ", _ დასძინა მელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო 1997 წელს დემოგრაფებმა გამოკვლევა ჩაატარეს. დადგინდა, რომ 25 წლამდე ახალგაზრდებს შორის მხოლოდ საეკლესიო ქორწინებაში 20%-ზე მეტი იმყოფებოდა. "ასეთი ტიპის ოჯახებს სახელმწიფო არ ცნობდა და ასეთ ოჯახში დაბადებული ბავშვები რეგისტრირებულ ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებიან. დღეს როგორია ეს მონაცემები, ამას კვლევის ჩატარება სჭირდება. რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების 30%-ში საკმაოდ დიდი ნაწილი შესაძლოა ნამდვილად იყოს საეკლესიო ქორწინებაში მყოფი ოჯახების ბავშვები, თუმცა რამდენი _ მიჭირს ციფრების დასახელება", _ აღნიშნა მელაძემ.
დემოგრაფმა ასევე ისაუბრა იმ განსხვავებაზე, რომლითაც საქართველო ევროპული ქვეყნებისგან გამოირჩევა, სადაც ასევე მაღალია ქორწინების გარეშე შობადობა.
"ჩვენთან არ იზრდება და სტაბილურია მხოლოდ დედის განცხადებით დაბადებული ბავშვების რაოდენობა. ეს არის სწორედ მარტოხელა დედების რაოდენობა. გასული წლის მონაცემებით კი იგი ყველა სხვა წლებთან შედარებით ძალიან დაბალი იყო და 2,5%-ს შეადგენს. ამ მხრივ ყველაზე მაღალი პროცენტი _ 8% იყო. ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია აქვს და ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. ეს მეტყველებს, რომ საქართველოში ოჯახს დღესდღეობით მყარი ტრადიციული საფუძვლები აქვს და ქვეყანაში გლობალურ პროცესები ნაკლებად შეინიშნება", _ აღნიშნა გიორგი მელაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ გამოსავალს საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინების ორივე ფორმის დაშვება წარმოადგენს.
სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატი 2002 წელს გაფორმდა, რომლის მე-3 მუხლით სახელმწიფო საეკლესიო ჯვრისწერას აღიარებს, თუმცა სამართლებრივ ურთიერთობაში _ მხოლოდ ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემებს ეყრდნობა.
ამასთან, ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს. ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება.