შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შიდა ინფორმაციით, "დათა ახალაიას ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ დავალებას აძლევდა და ის ასრულებდა".
როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" "ღია ეთერში" განაცხადა.
"რა თქმა უნდა, დათა ახალაია ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ის წლების განმავლობაში ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებდა. მე შიდა ინფორმაციაც მაქვს, რომ ძალიან ბევრ დავალებას დათა ახალაიას ვანო მერაბიშვილი აძლევდა და ის ასრულებდა. შესაბამისად, მისი განცხადება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და თუ დათა ახალაია იქნება ეს, თოფურიძეც თუ სხვა, დაინტერესებული არის იმისათვის, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ბუნებრივია, ჩვენ ამას მივესალმებით და ვართ დაინტერესებული არა მხოლოდ მისგან, არამედ სხვა პირებისგან ობიექტური ინფორმაცია მივიღოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება იმას, ცნობილია თუ არა შს მინისტრისთვის დათა ახალაიას ადგილსამყოფელი, ღარიბაშვილის თქმით, "ეს არ არის საინტერესო".
"არ არის ჩემთვის ცნობილი. გარკვეული ხმები გავრცელდა, რომ ის აპირებდა საქართველოში შემოსვლას, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არ დადასტურდა. ჩემთვის არ არის ცნობილი მისი ზუსტი ადგილსამყოფელი. მე კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით და ინტერესით ვადევნებ თვალყურს მის განცხადებას და მის შემდგომ ნაბიჯებს. მე გავეცანი მის განცხადებას. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანს აქვს რეალური სურვილი, რომ თქვას სიმართლე. მე მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, უფრო მაღალი თანამდებობის პირის, თუნდაც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ჩაეთვლება თუ არა დათა ახალაიას შემამსუბუქებელ გარემოებად, ღარიბაშვილის თქმით, "ეს პროკურატურის გადასაწყვეტია".