შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, "გარკვეული პროვოკაციები იყო დაგეგმილი, თუმცა აღარ განახორციელეს".
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე რამდენიმე პოლიციელი მივიდოდა და მუნდირს დახევდა.
"როგორც ჩანს, მათ ეს გეგმა ჰქონდათ, თუმცა აღარ განხორციელეს, რადგან არ იქნებოდა ეფექტური, რადგანაც მე ამის ერთგვარი პრევენცია გავაკეთე. უბრალოდ მოვუწოდე იმ პოლიციელებს, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ სისტემაში, რომ აღნიშნულ სპექტაკლში მონაწილეობას ნუ მიიღებდნენ. როგორც ჩანს, მათ გეგმა შეცვალეს და ეს აღარ მოხდა. იყო ინფორმაციები, რომ გარკვეული პროვოკაციები იყო დაგეგმილი და მე ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ჩვენ თავი ძალიან კარგად გავართვით. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ძალიან ეფექტურად დაიცვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, არც ერთ რეგიონში პოლიციის მხრიდან არანაირი ზეწოლა, არანაირი დაშინება და არავითარი შეფერხება არ ყოფილა.
"მე მიხარია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღეს ეს დაადასტურეს, თუმცა ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მთელი რიგი ტყუილები. რაც შეეხება ზოგადად აქციის დაცულობას, ჩვენ არა მხოლოდ დავიცავით აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება, არამედ ჩვენ უზრუნველვყავით გადადგილების თავისუფლება, ეს იყო პარკინგები და ა.შ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.